თბილისი, 23 მაისი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლომ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი გელა მიქაძე დამნაშავედ სცნო 17,2 მილიონი ლარის მითვისებაში და დაუსწრებლად 15 წელი მიუსაჯა, იუწყება ქართული ტელეარხი Rustavi2.
საუბარია 2010-2011 წლებში ერთობლივი წარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა ფოთის პორტს, რომლის მფლობელი მაშინ კომპანია RAKIA იყო, და კომპანია Raystar-ს შორის, შემდეგ კი მის გაუქმებაზე. მიქაძე კომპანია RAKIA Georgia-ს ხელმძღვანელი იყო.
ბრალდებულად აღიარეს ასევე არაბული კომპანია RAKIA-ს ხელმძღვანელი ჰატერ მასაადი და გიორგი ჯანაშია, რომელიც RAKIA Georgia-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაძეს დაეკისრა 12,8 მილიონი დოლარის დაბრუნება, ხოლო ჯანაშიას — 4,4 მილიონი დოლარის.
არაბული მედიის ინფორმაციით, Raystar-თან ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მიქაძე და ჯანაშია მისი ბენეფიციარები იყვნენ. RAKIA-ში ამის შესახებ მხოლოდ მასაადისათვის იყო ცნობილი.
ბრალდებულებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ Raystar-ი ინვესტირების განხორციელებას ვერ შეძლებდა, 17,2 მილიონი დოლარი შვეიცარიაში საკუთარ ანგარიშებზე RAKIA-ს სახელით გადარიცხეს.
სასამართლო დავა 6 წელი გრძელდებოდა.
„სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიდის. ეს არ არის დამალული თემა, გელა თვითონ გიპასუხებთ, მას ადვოკატებიც ჰყავს", — განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება მასაადს, რომელმაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 2012 წელს დატოვა, ის საუდის არაბეთში 2016 წლის სექტემბერში ქალაქ ჯიდას აეროპორტში დააკავეს.