თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტერაქტის მზადების შესახებ საქმის გახსნის თაობაზე, საქართველოს უშიშროების სამსახურმა განცხადება გასული წლის აგვისტოში გააკეთა.
გამოძიების მონაცემებით, ხუთ ბრალდებულს განზრახული ჰქონდა რუსეთიდან სომხეთში მიმავალი გაზსადენის ღია მონაკვეთის აფეთქება მდინარე არაგვის გასწვრივ.
„უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის ივლისში ბ.ბ., ვ.რ., მ.მ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს ტერორისტული აქტის ჩადენა, კერძოდ: სოფელ საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება, რაც წარმოშობდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის და მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას," — ნათქვამი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის მონაცემებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს მიმდებარედ, დეტალურად შეისწავლეს მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის გეოგრაფიული მდებარეობა და Google Earth-ის რუქაზე მონიშნეს მილსადენის საყრდენი წერტილები.
2016 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ბ.ბ. და ჯ.მ. დაუკავშირდნენ მათ ნაცნობს ნ.ჭ.-ს, რომელსაც დუშეთის რაიონის სოფ. ჩარგლიდან ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სთხოვეს დახმარება, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა.
2016 წლის 20 აგვისტოს, ბ.ბ. და ჯ.მ. ნ.ჭ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართნენ დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, სადაც ტყის მასივში არსებული სამალავიდან ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა, რა დროსაც ისინი სამართალდამცავების მიერ იქნენ დაკავებულნი.
მთავარი ბრალდებულების გარდა დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლ.მ. რომელმაც იცოდა დანაშაულის შესახებ, მაგრამ არ აღკვეთა იგი, ი.ბ., რომელმაც არ განაცხადა ინფორმაცია დაგეგმილი დანაშაულის შესახებ.
სასამართლომ ტერაქტის მომზადებაზე ბრალდებულ ბ.ბ-ს 14 წელი შეუფარდა, ჯ.მ-ს და მ.ბ,-ს — 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბ.პ-ს 12 წელი, პოლიციის თანამშრომელს ლ.მ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის — 7 წელი. ავტომანქანის მძღოლს — 7 წელი და ი.ბ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის — 3 წელი.