ბეირუთს თბილისთან და ბათუმთან პირდაპირი რეისები დააკავშირებს

გამოწერა
ავიაკომპანია Wings of Lebanon-ი ზაფხულის განმავლობაში თბილისის მიმართულებით იფრენს კვირაში ორჯერ, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში ერთ ავიარეისს განახორციელებს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ლიბანურმა ავიაკომპანიამ Wings of Lebanon საქართველოსა და ლიბანის ქალაქებს შორის ზაფხულის ნავიგაციის პერიოდში მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიიღო.

ბეირუთი-თბილისი-ბეირუთის და ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთის მარშრუტით ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ბეირუთსა და თბილისს შორის ჩარტერული რეისები შესრულდება 27 ივნისიდან 8 სექტემბრამდე კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ხოლო ბეირუთსა და ბათუმს შორის 28 ივნისიდან 6 სექტემბრამდე ყოველ ოთხშაბათს.

Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ქართულმა ავიაკომპანიამ თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

ამას გარდა ლიბანური ავიაკომპანია ბეირუთი—თბილისი—ბათუმი—ბეირუთის მიმართულებით ჩარტერულ რეისს 25 ივნისიდან 3 სექტემბრამდე კვირაში ერთხელ — კვირაობით განახორციელებს. ამ შემთხვევაში თბილისსა და ბათუმს შორის ფრენები კომერციული უფლების გარეშე განხორციელდება, განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ლიბანურ ავიაკომპანიას შესაბამისი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა 19 მაისს მიენიჭა.

საქართველოში ყოველ წელს სულ უფრო მეტი ლიბანელი ამჯობინებს შვებულების გატარებას. მაგალითად, 2016 წელს ქვეყანას 2745 ლიბანელი ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2015 წელთან შედარებით 79%-ით მეტია. 2017 წლის პირველი ოთხი თვის პერიოდში ქვეყანას უკვე 1168 ლიბანელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 157%-ით აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0