თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც სოფლებს შაბათს საღამოს დაატყდა, ლაგოდეხის რაიონის ათამდე სოფელი დააზარალა.
ავდარმა ძლიერი ზარალი მიაყენა ჩადუნიანს, ვარდისუბანს, ერეთისკარს და თელას. ძლიერმა წვიმამ შინაური ფრინველი იმსხვერპლა. წყალმა დატბორა სარდაფები და ქვედა სართულები, სადაც მოსახლეობა პროდუქტების მარაგს ინახავდა.
„გარეთ ვისხედით. უცებ ამინდი აირია. დაიწყო სეტყვა. ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარით. სეტყვამ ცელოფნები დახია და ყველაფერი მიწასთან გაასწორა. ყველაფერი განადგურებულია“, — განაცხადა სოფელ ჩადუნიანის მკვიდრმა ნატო ქშუტაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
ავდარმა დააზარალა სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობის ნათესები. ადგილზე ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ, მაგრამ ღამის პირობებში ვითარების შესწავლა სრულად ვერ მოხერხეს.
ადგილობრივთა თქმით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განსახორციელებლად მათ ბანკის კრედიტები აიღეს, რომლის გადახდა შექმნილ ვითარებაში გაუჭირდებათ.
„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ბავშვები ისე შეშინდნენ, რომ არც კი იცოდნენ, სად დამალულიყვნენ. გარეთ ასეთი სურათი დამხვდა: პილპილის მოსავალი მთლიანად განადგურდა. ბანკიდან 7 000 ლარის კრედიტი გამოვიტანე. როგორ უნდა დავფარო? მე სოციალურად დაუცველი ვარ“, — განაცხადა სოფელ საქობოს მკვიდრმა ქეთევან ნიკუაშვილმა.
გუშინ, საღამოს ძლიერი წვიმის შედეგად ნაპირებიდან მდინარე რიონი გადმოვიდა, რომელმაც სოფელ ჟონეთი დატბორა.
საქართველოს მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, უამინდობა 26 მაისამდე შენარჩუნდება.