თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ქართველი სამბისტი ლევან ნახუცრიშვილი (–74 კგ) სპორტულ სამბოში ევროპის ჩემპიონია. ტურნირი ამ დღეებში მინსკში მიმდინარეობს.
ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ბულგარეთის წარმომადგენელს, აშოტ მარტიროსიანს სძლია.
კიდევ ერთი ოქროს მოტანა საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილს შეეძლო, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში მან რუსეთის წარმომადგენელ ვლადიმირ გლადკიხთან წააგო.
ამგვარად, შეჯიბრების ორი დღის განმავლობაში საქართველოს ნაკრების აქტივში სამი მედალია – ორი ოქროს და ერთი – ვერცხლის. უფრო ადრე ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა (–72 კგ) მიიღო და შარშან მიღებული ტიტული დაიცვა.
ევროპის ჩემპიონატი სამბოში მინსკში 22 მაისამდე გაგრძელდება.