თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ იორდანიაში მოლაპარაკებებისას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მორიგი სამიტი მიმდინარე წლის ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება. ევროკავშირის პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა" მიმართულია ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ.
„პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტი პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კვირიკაშვილი და მოგერინი იორდანიას „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ (MENA) მონაწილეობის მისაღებად ეწვივნენ. ფორუმი შაბათს გაიხსნა.
საქართველოს პრემიერმა უკვე გამართა მოლაპარაკებები იორდანიის მეფე აბდულა II–სთან, ქვეყნის პრემიერ–მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჰანი ალ–მულკისთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერგე ბრენდესთან, ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.