საქართველოს პრემიერი იორდანიის მეფეს შეხვდა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და იორდანიის მეფე აბდალა II
გიორგი კვირიკაშვილი და იორდანიის მეფე აბდალა II - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და იორდანიის მეფემ აბდულა მეორემ ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების იმედი გამოთქვეს.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი  კვირიკაშვილმა იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრ ჰანი ალ-მულკისთან და მეფე აბდულა მეორესთან მოლაპარაკებები გამართა.
პრემიერი იორდანიაში  „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ (MENA) მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ფორუმი შაბათს გაიხსნა.
მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრის ძირითადი თემა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება გახდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2017 წლის იანვარში იორდანიის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგად ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
Премьер Грузии Георгий Квирикашвили и премьер, министр обороны Иордании Хани аль-Мульки - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

კვირიკაშვილმა და აბდულა მეორემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და მათ გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ისეთი საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

მოგვიანებით იორდანიის პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მეგობრულ და ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

კვირიკაშვილმა და ჰანი ალ-მულკიმ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაფართოების პოტენციალი აღნიშნეს. საქართველოს პრემიერმა ისაუბრა საქართველოში ინვესტირების ხელსაყრელ პირობებსა და სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, წარმოებას და ინვესტორების მხარდაჭერას ემსახურება.
კვირიკაშვილმა იორდანელ კოლეგას საქართველოს განვითარების ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმა გააცნო. ჰანი ალ-მულკი მმართველობის რეფორმით დაინტერესდა, ხოლო საქართველოს პრემიერმა გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მხარეები ორმხრივი ეკონომიკური კომისიის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს და იორდანიის პრემიერებმა განიხილეს ტურიზმისა და ტურისტული ნაკადის გაზრდის საკითხები, რასაც ხელს უწყობს იორდანიის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიამიმოსვლა.
მათ აღნიშნეს, რომ ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს ხელშეკრულება საქართველოსა და იორდანიის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა.

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
Премьер Грузии Георгий Квирикашвили на Всемирном экономическом форуме Ближнего востока, Северной и Восточной Африки (MENA) - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდეს. საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო. ბორგე ბრენდემ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცესი დადებითად შეაფასა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე. აღინიშნა, რომ 2017 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება.

საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. გიორგი კვირიკაშვილმა ნორვეგიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა განვითარების თანამშრომლობის მიმართულებითაც.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მოგვიანებით დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში 21 მაისს დასრულდება.

საქართველო და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს. 10 წლის შემდეგ იორდანიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა. მხარეები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0