თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე იმსჯელებენ, რომელიც 22-23 მაისს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე.
ბერლინში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტს და ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონსტიტუციურ კანონის პროექტს გააცნობს.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით ირაკლი კობახიძე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსი დირკ შატშნაიდერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი მიხაელ ზიბერტი და ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი გახსნიან. გაიმართება დისკუსიაც.
კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.