თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ავტომანქანები შეზღუდულად იმოძრავებენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღნიშნება. უწყების ინფორმაციით, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში.
კერძოდ, 22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე, ღონისძიებების დასრულებამდე, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება თავისუფლების მოედანზე: მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი, ავტომანქანები თავისუფლების მოედნიდან ორბელიანის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
24 მაისს 24:00 საათიდან მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე; მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, უსახელოს, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიასა და მესხიას ქუჩებზე.
26 მაისს, 05:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო კოტე აფხაზის, შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე — შეიზღუდება.
ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით — რევაზ თაბუკაშვილისა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.
მოძრაობა ავტომანქანებისთვის 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორნახევარი წელი იარსება.