პოლიტიკოსებმა ქვეყნის ეროვნული ინტერესები მეცნიერებთან ერთად უნდა ჩამოაყალიბონ, განაცხადა პარტია „თეთრების" თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ მრგვალი მაგიდასთან, რომელიც ეხებოდა თემას „სამეცნიერო ელიტის როლი სახელმწიფოს განვითარებაში".
„როდესაც ინტელიგენცია მეცნიერულად ჩამოაყალიბებს განსაზღვრებას თუ რას ნიშნავს ქართული ინტერესი, ყველა პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდება. მე ვერ ვხედავ დღეს დოკუმენტს, სადაც ჩამოყალიბებული იქნება თუ რას ნიშნავს ქართული ინტერესი“, — განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანას არც ის დოკუმენტი აქვს თუ რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას და არც ის — რომელიც ასახავს, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, ხოლო ოპოზიცია, რომ ყველაფერი ცუდადა, აქ არის მეცნიერის როლი საჭირო, რომელიც შექმნილ სიტუაციას ობიექტურად შეაფასებს.
„თუ შენ არ იცი შენი ქვეყნის პოტენციალი და რეალურად რა მდგომარეობა გაქვს, შენ მუშაობ სიბნელეში“, — აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.
„თეთრების“ ლიდერის აზრით, სამეცნიერო წრეების გამოცდილება და ცოდნა წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანების გადაჭრისას — პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში.
„ვაი იმ ქვეყანას, სადაც ხელისუფლება უსმენს გარედან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და არ უსმენს, თავის გენიოსებს და ჭკვიან ადამიანებს. რეალურად ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში“, — მიაჩნია თემურ შაშიაშვილს.
კავკასიელ ხალხთა კავშირის პრეზიდენტის შიო არსენიშვილის აზრით კი საქართველოს საკუთარი იდეოლოგია და იმის განსაზღვრა სჭირდება, თუ რა არის სახელმწიფო.
„პირველ რიგში, ჩვენ სახელმწიფოს არსი უნდა დავინახოთ და განვსაზღვროთ მისი განვითარების მიმართულება, რათა მომავალში შესაბამისად ვიმსჯელოთ უკვე ინტელიგენციის ან მეცნიერების როლზე მისი განვითარების პროცესში“, — განაცხადა შიო არსენიშვილმა.
პროფესორმა პაატა გიორგაძემ კი ინტელიგენციას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს ვთხოვ, რომ უფრო მეტად ვიმოქმედოთ, უფრო მეტი ურთიერთობები დავამყაროთ როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ყველა იმ პოლიტიკოსთან და ინტელექტუალურ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოს კეთილდღეობისთვის ფიქრობენ“, — განაცხადა პაატა გიორგაძემ
მისი თქმით, „პედაგოგმაც, მეცნიერმაც, მკვლევარმაც და პოლიტიკოსმაც ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ“.
ნატა პატარაია