თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან, მაკა ჩიჩუასთან და შვილთან თემოსთან ერთად 13 ასურელი მამის ხსენების დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში დაესწრო.
სოფელ ქანდას ცამეტი წმინდა ასურელი მამის სახელობის მონასტერი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც წირვა ორ ენაზე — ქართულსა და არამეულზე მიმდინარეობს.
„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ცამეტმა ასურელმა მამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სულიერების განვითარებაში, რამაც კიდევ უფრო მაღალ, სულიერ სიმაღლეზე ასწია ჩვენი ერის ღვაწლი ქრისტიანობის განმტკიცებაში. იმ სარწმუნოების განმტკიცებაში, რომელმაც ქართველი ერი დღევანდლამდე მოიყვანა“, — მიმართა მარგველაშვილმა მრევლს.
პრეზიდენტმა ასირიულ თემს განსაკუთრებით მიულოცა დღესასწაული და საქართველოს ისტორიაში ასირიელთა წვლილი აღნიშნა.
ცამეტი ასურელი მამის მონასტერი წარმოადგენს სოფლის კულტურულ ცენტრს, სადაც ორი ათასზე მეტი ასირიელი ცხოვრობს. ეკლესიას დიდი მრევლი ჰყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ და არამეულ ენებზე საუბრობს.
მამა სერაფიმემ პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა ისააკ ასურის ხატი, რომელიც ძველი ფრესკიდან არის გადმოტანილი. ისააკ ასური — ქრისტიანი მწერალი-ასკეტი, აღმოსავლეთის ნესტორიანულ ეკლესიაში ნინევიის ეპისკოპოსი, ასურეთსა და სირიაში VII საუკუნეში ცხოვრობდა.
ცამეტი ასურელი მამა საქართველოში VI საუკუნის შუა პერიოდში დასახლდა. მათ საქართველოში დაამკვიდრეს და გაავრცელეს ბერ-მონაზვნობა, დაარსეს რამდენიმე მონასტერი, მათ შორის, დავით გარეჯის, შიო მღვიმისა და ზედაზნის მონასტრები.