ადგილობრივები ყვებიან, რომ ისინი უმეტესად თავს ხელობით ირჩენენ. ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან საშუალო სკოლა აქვთ. არის მედ-პუნქტიც, სამკურნალოდ მცხეთაში ან თბილისში დადიან, ხოლო პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად კი სოფელ მუხრანს აკითხავენ. ამბობენ, რომ იქ ყველაფერი შედარებით უფრო იაფია და არჩევანიც უფრო მეტია.
უფრო დაწვრილებით ქანდელების ყოფაზე საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი ასურელების სულიერი მოძღვარი სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბიტ-ხარიბი გვიამბობს.
— ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ისტორიული ცნობები იმის თაობაზე, თუ როდის დაარსდა სოფელი ქანდა, მხოლოდ ის ვიცით, რომ ასურელებს საქართველოში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ჩვენი წინაპრები ქანდაში ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან და სირიიდან გადმოსახლებულან. ამჟამად სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.
- ეკლესია რა როლს თამაშობს ადგილობრივების ცხოვრებაში?
— ქანდას კულტურული ცენტრი ეს ეკლესიაა. პრაქტიკულად აქ ხდება ახალგაზრდების შეკრება. ასურელებს გვაქვს ჩვენი ფოლკლორი: სიმღერა, ცეკვა, სოფელს ყავს პროფესიონალი ქორეოგრაფიც — ქალბატონი ლუდმილა ბიტკაში, რომელიც უნიკალური და უნიჭიერესი პიროვნებაა.
პატარა ტაძარი აქ 1997 წელს, ხოლო 2013-ში კი „13 წმინდა ასურელი მამის სახელობის ეკლესია“, ავაშენეთ. აქ წირვა ორ ენაზე მიმდინარეობს, ქართულად და არამეულად და ეს ძალიან ლამაზი მოსასმენია. ჩვენთვის დიდი სიხარულია ის, რომ ღვთის წყალობით და უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით დადგინდა წირვა ლოცვა ჩვენს ენაზე და ეს იმის გარანტიაა, რომ ეს ენა არ დაიკარგება. მე 2010 წელს განმაწესა აქ უწმინდესმა და უკვე 6 წელია ქართულად და არამეულად ვატარებ წირვას.
— რას განიცდით, როდესაც ქრისტეს ენაზე ლოცულობთ?
— ამას წინათ, წირვაზე არამეულ ენაზე მე-13, მე-14 საუკუნის ლიტურგია აღვავლინეთ, რომელიც ავსტრალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. ისეთი გრძნობაა, თითქოს იმ ეპოქაში ხარ, იმ ეპოქაში ლოცულობ და ავედრებ თავს ღმერთს. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ქრისტეს წინაშე დგახარ. რა თქმა უნდა ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად მე მოხარული ვარ რომ მაქვს არამეულ ენაზე წირვის ჩატარების საშუალება. მით უმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში აღარავინ არ ატარებს მართლმადიდებლურ წირვა-ლოცვას არამეულ ენაზე. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, ადრე იყო სირიაში, ქალაქ მალულაში, მაგრამ ისიც არ იყო დადგენილი ზუსტად იოანე ოქროპირის წირვა ტარდებოდა თუ არა. აქ კი იოანე ოქროპირის და ბასილი დიდის წირვას ვატარებთ. ისე განსხვავება დიდი არ არის, გარდა საიდუმლო ლოცვებისა. ძალიან ბევრი ჩამოდის ამ ლოცვების მოსასმენად უცხოეთიდან. წელიწადში ათასობით ადამიანი სტუმრობს ჩვენს ეკლესიას, მათ შორის მართლმადიდებელი ასურელი მღვდელმსახურებიც.
- რა პრობლემები აქვს სოფელს ძირითადად?
— ექვსი წლის წინ რომ გეკითხათ თუ რა იყო სოფლის მთავარი პრობლემა, გეტყოდით უსაქმურობა-მეთქი, დღეს სხვა სიტუაციაა, ბირჟა იმისთვის არ არის ახალგაზრდამ, რომ იქ დრო ატაროს. უფლის წყალობით, მათი უმეტესობა დაკავებულებია, ზოგი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, ზოგი ხელობას ითვისებს და შრომობს. სოციალური პრობლემა არა მხოლოდ ქანდას, არამედ მთელს საქართველოს აქვს და ჩვენ ამას არ ვჩივით, ლუკმა პურს ჩვენთვის ყოველთვის ვიშოვით.
- როგორ მიულოცავდით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს?
— საქართველო არის ერთ-ერთი იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია და ამით განსაკუთრებული მადლო მოეფინება მის მიწა-წყალს, მე დედა ქართველი მყავს, მამა ასურელი, საქართველო ჩემი სამშობლოა, აქ დავიბადე გავიზარდე და წარმოვთქვი პირველი სიტყვა —დედა. მე მინდა ვუსურვო სრულიად საქართველოს სულის სიმშვიდე და სიხარული. წირვაში არის ასეთი ლამაზი სიტყვები, „ვიყვარებოდეთ, ურთიერთ არს, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“.
სანამ შენ ღმერს შეიყვარებ შენი ძმა უნდა გიყვარდეს და აი ეს სიყვარული მინდა, რომ უფრო გავაღრმაოთ, მე ვუსურვებ სრულიად საქართველოს რომ მუდამ გახარებული ყოფილიყოს ეს მიწა-წყალი თავისი ერით, თავისი სხვა ეთნიკური უმცირესობით. მიყვარხარ საქართველოვ! მეტი რა შეიძლია ვთქვა?!