თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში (MENA), აღნიშნულია მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და სიტყვით გამოვა პანელზე „Europe and MENA: From Neighborhood to Common Destiny".
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები იორდანიის მეფე აბდულა II-სთან, ასევე — იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჰანი მულკისთან.
იორდანიაში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორგე ბრენდესთან და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან, პროფესორ კლაუს შვაბთან.
პრემიერ–მინისტრის ვიზიტი იორდანიაში 21 მაისს დასრულდება.
საქართველო ბოლო დროს აქტიურად მუშაობს თავისი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებასა და საკუთარი როლის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყნის გაძლიერებაზე. ევროკავშირთან და ჩინეთთან ხელმოწერილი შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს მეტი ინვესტორისა და ბიზნესმენის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.