აბა, რა აღსანიშნავია მაგალითად შინაური მწერების დღე, არადა, 9 მარტს გახლავთ, ან 16 აპრილი რატომ უნდა ვიზეიმოთ — მაიმუნის ადამიანად გადაქცევის დღე. ამიტომაც იშვიათად გაწუხებთ და დღეს სწორედ ის იშვიათი გამონაკლისია, როცა დიდი სურვილი მაქვს, თქვენთან ერთად ვიზეიმო მეგობრობის დღე. ზოგი მას 30 ივნისს აღნიშნავს, ზოგიც 20 მაისს, მზად ვარ ადამიანთა ურთიერთობის ამ ფორმას წელიწადის ნებისმიერი დრო, ხანი, წუთი და წამი მივუძღვნა, რადგან მიმაჩნია, რომ იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვში გახლავართ, ვისაც ნამდვილი მეგობრები ჰყავს და ამ მეგობრობის ფასიც იცის. ჩემზე ბევრად ჭკვიან ადამიანებს გამოუთქვამთ თავისი აზრი ამ თემაზე და ახლა რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.
საიენტოლოგიას და მის მთავარ მოძღვარს, რონ ჰაბარდს, დიდად რომ არ სწყალობენ არახალია, მაგრამ მეგობრობაზე მისი ეს გამონათქვამი ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოსაა: მეგობარი ის ადამიანია, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.
ნუ დავიჩემებთ წმინდანობას, ყველანი ცოდვილები ვართ და ვისაც ასეთები ვუყვარვართ, სწორედ ისინი მოგვივლინა უფალმა მეგობრებად. სადღაც წამიკითხავს — საუკეთესო მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, არამედ მელოდიასო. ყველას ესმის, რასაც ვლაპარაკობთ, გვისმენენ კიდეც, მაგრამ მხოლოდ მეგობარს ესმის, როცა ვდუმვართ და ხმას არ ვიღებთ! სხვანაირად რომ ვთქვა — მეგობარი ის ადამიანია, ვისთანაც შეგიძლია ხმამაღლა იფიქრო და არანაირი ახსნა არ არის საჭირო. ერთი ისტორია მინდა გავიხსენო. დრომ და ვითარებამ მეგობრად მარგუნა ადამიანი, ვისთან ურთიერთობაზეც ასე ვიტყოდი: თუ ცხოვრება ლატარეაა, მაშინ მისი შეძენით დიდი პრიზი მომიგია. მოხდა ისე, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ერთმანეთს ვერ ვნახულობდით, მაშინ, როდესაც მანამდე უერთმანეთოდ რამდენიმე საათსაც ვერ ვძლებდით. წლების შემდეგ, როდესაც ისევ შევხვდით, აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად ამ განშორებისა ჩვენ ისევ ის ვიყავით ერთმანეთისთვის; მეგობრობის ერთი მთავარი კანონიც მაშინ შევამოწმეთ — თურმე, დრო და მანძილი ნამდვილ მეგობრობას ვერ ერევა! ერთ ყველასთვის ცნობილ ქალაქურ ფრაზასაც გავიმეორებ-მეგობრობა „კრუგლოსუტოჩნია“ და რა კარგია, რომ დროის კანონებს არ ემორჩილება.
ერთი ხანობა, საკმაოდ სერიოზული ხალხი ავტორიტეტულად ამტკიცებდა, ნაღდი მეგობრობა მხოლოდ კაცებს შეუძლიათო. რა თქმა უნდა, აბსოლუტური სისულელეა, უბრალოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მეგობრობას უფრო დიდი სირთულეების გადალახვა უწევს (იმედი მაქვს, ხვდებით რატომაც), რაც არც ისე იოლია, მაგრამ როდესაც ასეთი ურთიერთობა შედგება, ეს დუღაბი სიმტკიცის ნებისმიერ გამოცდას უძლებს. ასევე ძნელად მიღწევადია ქალების მეგობრობა, რადგან დროითი გამოცდა გაცილებით დიდხნიანია, ვიდრე მამაკაცებში. ხასიათების შეწყობის პროცესიც უფრო რთული და პრობლემატურია, რადგან ყველა ქალი ლოგიკას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს, მაგრამ ვინც ამ გამოცდას უძლებს, მერე მეგობრობის სიკეთეებით ტკბობას ხელს ვეღარაფერი უშლის.
მეგობრობაზე გამონათქვამებს რა გამოლევს, თუმცა ზოგის სისწორეში ეჭვის შეტანაც შეიძლება, მაგალითად, ცნობილი გამოთქმა — მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. ამ მცნების სისწორეში, იცით, რატომ მეპარება ეჭვი? იმიტომ, რომ იუდას მეგობრები გამახსენდა. მეგობრობაზე ერთ ჭკვიან კაცს ასეთიც აქვს ნათქვამი — ღმერთო, მიხსენი ჩემი მეგობრებისგან, ჩემს მტრებს მე თავად გავუსწორდებიო!!! — ამ კაცს შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი ერქვა და იმდენი ღალატისა თუ გადატრიალების მომსწრე გახლდათ, ჰქონდა კიდეც ამის თქმის უფლება. თუმცა, მოდით ცუდზე ნუ ვიფიქრებთ, რადგან მგონი ტალეირანზე არანაკლები იყო, ვინც თქვა: მეგობარი ისაა, ვინც შენს გვერდით არის მაშინ, როცა სულ სხვაგან უნდა იყოსო…
მე ასეთი მეგობრობისა მწამს და თქვენც ასეთივეს გისურვებთ!