თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლემ საქართველოდან ნონა წოწორიამ თავისი ძმის ბინაში ჩხრეკა თავის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირა.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა 18 მაისს ოთარ წოწორიას სახლის ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩინეს და ამოიღეს. ოთარ წოწორია და ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები ევროსასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობაა, რადგან სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის (Rustavi2) მფლობელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
„ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი“, – დაწერა წოწორიამ Facebook–ის საკუთარ გვერდზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.
„მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ოთარ წოწორიას სახლში ექსპერტ–კრიმინალისტებმა აღმოაჩინეს ორი სანადირო თოფი, მცირეკალიბრიანი იარაღი, პისტოლეტი და ვაზნები. წოწორია აცხადებს, რომ მას მხოლოდ სანადირო თოფები ეკუთვნის, დანარჩენი იარაღი კი ჩაუდეს.
ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპერტიზაზე გაგზავნეს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა", რაც ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ნონა წოწორიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა 2008 წელს დაიკავა. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა, მაგრამ მისი შეცვლა ჯერჯერობით არავის შეუძლია, რადგან 2017 წლის იანვარში ევროპის სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების სია არ მოიწონა.
საქართველომ ევროსასამართლოს მოსამართლის პოსტზე ხელახალი კონკურსი თებერვალში გამოაცხადა.