თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისში საქართველო-ავსტრიის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომაზე საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ქართულ დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ავსტრიის დელეგაციას კი მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ბერნადეტე გირლინგერი ხელმძღვანელობენ. სხდომის თავმჯდომარეებმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოსა და ავსტრიაში დაგეგმილი და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები გააცნეს.
„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, საბაჟო საკითხები, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კულტურა, საგანმანათლებლო სფერო და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვისაუბრეთ, თუ როგორ განვავითაროთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და გავაძლიეროთ ის მიმართულებები, სადაც ვხედავთ, რომ პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული“ — განაცხადა არველაძემ.
ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური კომისია 2011 წელს შეიქმნა. პირველი სხდომა 2-11 წლის ოქტომბრის თვეში გაიმართა. კომისიის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ინვესტიციის სფეროებში.
საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მარტში დაამყარეს. 1993 წელს ავსტრიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა, ხოლო ავსტრიის საელჩო საქართველოში კი ერთი წლის წინ. საქართველოში წარმატებით საქმიანობს ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სატყეო მეურნეობის განვითარებას.