თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეს იგორ ვოლკოვს და საქართველოს მოქალაქეს მარგარიტა ჟიზნევსკაიას ინვესტორების ფულის — 1,5 მილიონი აშშ დოლარის მითვისება და გაფლანგვა ბრალდებათ, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვოლკოვი და ჟიზნევსკაია საქართველოში დარეგისტრირებული შპს „ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" და შპს „ემეფიქს გრუპის" მფლობელები არიან, ასევე ოფშორულ ზონაში, ბელიზში რეგისტრირებულ კომპანია Master services inc-ს ფლობენ.
აღნიშნული კომპანიების საშუალებით 2014-2017 წლებში ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეებს პროგრამა MFX Capital-ში ინვესტიციების განხორციელებას სთავაზობდნენ, მაღალი ყოველთვიური პროცენტის და ინვესტირებული თანხის სრული დაბრუნების პირობით. თუმცა, გარიგების პირობების მიუხედავად, ბრალდებულებმა დაპირება არ შეასრულეს და 105 ფიზიკური პირის ფული მიითვისეს, იუწყება საგამოძიებო სამსახური.
ამჟამად ჟიზნევსკაია და ვოლკოვი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და გამოძიებას თავს არიდებენ. სასამართლომ მათ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გამოიტანა დადგენილება მათი ძებნის შესახებ.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით („მითვისება ან გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.