თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი, რომელმაც საკუთარი სიტყვებით დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია, საქართველოში ჩამოვიდა და ჟურნალისტებისათვის განცხადება გააკეთა.
თბილისის შეშფოთების საგანი ზალბერის გამონათქვამები გახდა. მან ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა. ზალბერის ცხინვალში ვიზიტისას, ბიბილოვის მილოცვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.
"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვუჭერ ამ პოზიციას", — განაცხადა ზალბერმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
ჟენევის დისკუსიები, რომელთა თანათავმჯდომარეც ზალბერია, 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეისათვის ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.