დიპლომატიური სკანდალი: ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰერბერტ ზალბერი თბილისში ჩამოვა და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში ვიზიტისას ნათქვამ რეპლიკას თავად ახსნის.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი პარასკევს თბილისში ჩამოვა, სადაც ცხინვალში მის გამონათქვამებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს ელოდებიან, განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ზალბერმა, ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა. შემდეგ მან მოინახულა საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვა არაკონტროლირებადი ტერიტორია — აფხაზეთი, სადაც საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები დაათვალიერა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები ექნება. ეს კარგი მომენტია იმისათვის, რომ თავად გააკეთოს ახსნა-განმარტება ამ საკითხზე", — განაცხადა საბანაძემ.

ამასთან ერთად მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მტკიცედ უჭერს.

თბილისი - Sputnik საქართველო
დიპლომატიური სკანდალი: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის გაწვევას ელოდებიან

„ეს არ იყო განცხადება, ეს არის მისი პირადი რეპლიკა, ეს ეპიზოდი საკმაოდ არასასიამოვნოა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იყო შემაშფოთებელი. ყველა დიპლომატიური არხით მივიტანეთ ევროკავშირის ყურამდე ჩვენი შეშფოთება. მათი რეაგირება იყო ის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია და ბატონი ზალბერის ეს სპონტანური რეპლიკა შესაბამისობაში არ მოდის იმ პოზიციასთან, რომელიც მათ აქვთ," — განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ოთხშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებებისათვის დაიბარეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს" არ ცნობს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჰერმანმა აღნიშნა, რომ ზალბერმა საკუთარ სიტყვებზე პასუხი თავად უნდა აგოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ საქართველო ზალბერის სიტყვებზე ევროკავშირის ხელმძღვანელობის რეაგირებას ელოდება.

საქართველოს მთავრობაში ასევე ჰერბერტ ზალბერის ჟენევის დისკუსიებიდან შესაძლო გაწვევის შესახებ განაცხადეს.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. რუსეთის შემდეგ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, მაგრამ მოგვიანებით ბოლო ორმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღეისათვის ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0