თბილისი, 19 მაისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ კიდევ ერთი დამატებითი რეისი დანიშნა, რომელიც ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტის დასულების შემდეგ მგზავრებს თბილისში ჩამოიყვანს, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
მანამდე, დიდი მოთხოვნის გამო, „საქართველოს რკინიგზამ" თბილისიდან STADLER-ის ტიპის ორი დამატებითი მატარებელი გამოყო. გარდა ამისა, კიდევ ერთი მატარებელი ბათუმი-ქობულეთი-ურეკის (და საპირისპირო მიმართულებით) მარშრუტით იმოძრავებს.
„მატარებელი „Black Sea Arena“ მდებარე ახალი სარკინიგზო ბაქნიდან 01:50 გამოვა და ქ. თბილისში ჩამოვა 06:30… გთხოვთ იჩქაროთ, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე, ინტერნეტით და სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან.
Aerosmith-ის კონცერტი შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე 20 მაისს გაიმართება. კონცერტის ყველა 10 000 ბილეთი ორ საათში რამდენიმე თვის წინ გაიყიდა. ბევრი ბილეთი უცხოეთიდან შეიძინეს.
საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith-ი 2017 წლის ტურნეს ფარგლებში კონცერტს გამართავს. ლეგენდარული კოლექტივის კონცერტს დაესწრებიან ფანები რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.
საქართველომდე მუსიკოსები ისრაელს ესტუმრნენ, საქართველოს შემდეგ მათ ელიან რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. საკულტო კოლექტივი Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში ჩამოდის.
ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი".