ბანაკები საქართველოს სკოლების ყველა მოსწავლისთვის იქნება ხელმისაწვდომი

© Fotolia / Christian Schwierმოსწავლები სკოლაში
მოსწავლები სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე საქართველოს სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეები ბანაკში იმ შემთხვევაში ხვდებოდნენ, თუ კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ სკოლის ბანაკებში მხოლოდ ათოსნები და სხვადასხვა ოლიმპიადის გამარჯვებულები არ უნდა ისვენებდნენ.

მინისტრის თქმით, უწყება გაზრდის იმ მოსწავლეების რაოდენობას, რომლებიც შეძლებენ საზაფხულო და ზამთრის ბანაკებში დასვენებას, რადგან ეს მათ სოციალურ უნარებზე დადებითად მოქმედებს.

„ბანაკები არ უნდა იყოს მხოლოდ ათოსნებისა და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, რაღაც კვოტა წარჩინებულ მოსწავლეებს აუცილებლად ექნებათ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოხვდეს ბანაკში", — განუცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, ყველა უწყებამ მიიღო დავალება, დაიწყოს მუშაობა სოფელ მანავში ბანაკის განვითარებაზე.

„გართობისა და დასვენების გარდა, სკოლის ბანაკები დადებითად მოქმედებს მოსწავლეების ჩამოყალიბებაზე", — აღნიშნა ჯეჯელავამ.

ქვეყნის ხელისუფლება ქვეყანაში ბანაკების რაოდენობას გაზრდის. ანაკლიის ბანაკის გარდა კიდევ სამი ბანაკი გაჩნდება.

პირველკლასელი მოსწავლე - Sputnik საქართველო
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სკოლისათვის ახლებურად ამზადებენ

ამჟამად განათლებისა და თავდაცვის სამინისტროები ორი ბანაკის გახსნაზე მუშაობენ: ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთი ბანაკი კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე გაკეთდება.

„მანავის ბანაკის განვითარებაზე ჩართული არიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები", — აღნიშნა ჯეჯელავამ.

ყველა ბანაკი უფასო იქნება და იქ დასვენებას მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან შეძლებენ, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ აქამდე ბანაკში მოხვედრა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეეძლოთ.

VII-IX კლასების მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია. გასულ წელს კი ბანაკებს 4 ათასი ბავშვი სტუმრობდა, განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი მოსწავლის დასვენება სახელმწიფოს დღეში 60 ლარი უჯდება.

ყველა ახალი ამბავი
0