საქართველო ჩინური ინვესტიციების ნაკადს ელის

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მიმზიდველია ჩინური ინვესტიციებისათვის, რადგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებულია აქვს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე ევროკავშირთან.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს.

გასულ კვირაში პეკინში საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდება.

"ჩინეთთან ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც საქართველოს ხდის მიმზიდველ ქვეყნად ჩინეთიდან ინვესტიციებისთვის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ხელშეკრულების მომზადებაში.

შეთანხმების ხელმოწერა ჩინეთსა და საქართველოს შორის - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

"ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერა იქნება უმნიშვნელოვანესი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განსავითარებლად, რაც საქართველოსთვის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ღია ასეთი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა, ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.

ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დასრულდა რეკორდულად შემჭიდროებულ ვადებში — შვიდ თვეში და შეთანხმების მემორანდუმი გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ ხელშეკრულება ძალაში შევა.

ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულში შედის. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 176 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჩინეთში სპილენძის მადანი და კონცენტრატი, სპილენძის მეორადი ნედლეული და ალკოჰოლი გადის. ამ დროს, იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით რუსეთის შემდეგ ჩინეთი მეორე ადგილზე გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 270%-ით გაიზარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0