პიერლუიჯი კოლინა ქართველებს ბიზნესს ასწავლის

© AFP 2024 / MARWAN NAAMANI პიერლუიჯი კოლინა
პიერლუიჯი კოლინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის მონაწილეების წინაშე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული პიროვნებები წარდგებიან.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. იტალიელი, წარსულში ლეგენდარული არბიტრი პიერლუიჯი კოლინა ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორდღიანი ფორუმი, რომელსაც 14 ქვეყნის 400 დელეგატი ესტუმრება, ბათუმში 22 მაისს დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი მსოფლიო კომპანიების ტოპ-მენეჯერები და მწარმოებლები, რომლებიც საკუთარი ბიზნესის გაფართოებით არიან დაინტერესებულნი.

„ძალიან მნიშვნელოვანია კარგი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც საფეხბურთო მოედნებზე, ისე ბიზნესში", — განაცხადა კოლინამ YouTube-ზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში ქართულ-თურქული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

კოლინა არ არის ერთადერთი ცნობილი პიროვნება, რომელიც ბათუმის ორდღიან ფორუმს ეწვევა. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულია რაგბის ლეგენდარული მოთამაშე, ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შონ ფიტცპატრიკი, რომელიც 2011 წელს საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელ-კონსულტანტი იყო.

„განსხვავებული ტიპის ფორუმის ორგანიზებას ვახორციელებთ. ჩვენს ღონისძიებაში რამდენიმე კომპონენტი გავაერთიანეთ — როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნესის ნაწილი. ამ ყველაფრის შერწყმა მოვახდინეთ და ვცდილობთ, სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები ერთმანეთს დავაკავშიროთ", — განაცხადა საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის დამფუძნებელმა გუგა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

კობახიძის თქმით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება სტარტაპები, რომლებიც თავად იპოვიან ინვესტორებს და მომავალ პარტნიორობაზე შეთანხმდებიან. მონაწილეობა ფორუმში ფასიანია.

საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორია კონსალტინგური ფირმა Prospect-ი, რომელიც დაფუძნდა 2014 წელს. იმ დროიდან კომპანიამ საქართველოში რამდენიმე წარმატებული ბიზნეს-ღონისძიება ჩაატარა.

ამჟამად კოლინა FIFA-ს მსაჯთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. ამ თანამდებობაზე ის მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. თავის დროზე კოლინა ფეხბურთის მსოფლიოში საუკეთესო არბიტრად ზედიზედ ექვსჯერ აღიარეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0