თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ზღვის სანაპიროზე შეზლონგებსა და ქოლგებზე ფიქსირებული ქირის შემოღებას გეგმავს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
„ჩვენ გვახსოვს შარშანდელი სეზონი, როცა სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია შეზლონგებსა და ქოლგებზე არაადეკვატურ ფასებთან დააკავშირებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, ვინც ამ სფეროში იქნება დასაქმებული, უნიფორმა ეცვას", — განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
სანაპირო ზოლზე მთელი დღით შეზლონგის ქირაობა 3 ლარად, ხოლო ქოლგის —1 ლარად იქნება შესაძლებელი.
29 სექტორად დაყოფილ ბათუმის სანაპიროზე რამდენიმე ასეული შეზლონგი და ქოლგა, 20 საშხაპე და ამდენივე გასახდელი უნდა დაიდგას. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ სანაპიროს ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და უკვე გამარჯვებულებიც გამოავლინა.
სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის მოწყობა 10 ივნისამდე უნდა დაასრულდეს. ტერიტორია ასევე ადაპტირებული იქნებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.