თბილისი, 9 მარტი — Sputnik. აჭარაში ზაფხულის სეზონზე ტურისტებს მაღალი კლასის გიდები მოემსახურებიან, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მოამზადებს.
გიდები სამი მიმართულებით — ბათუმის, მთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურებზე იმუშავებენ, ნათქვამია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გიდებისთვის სპეციალურ ტრენინგებს ჩაატარებს, სადაც როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი იქნება გათვალისწინებული. სულ სააგენტო 50 გიდის გადამზადებას გეგმავს, რომლებიც ტურისტებს სრულყოფილ ტურებს შესთავაზებენ.
ხარისხის ნიშნის მისაღებად გიდებს სპეციალური გამოცდების ჩააბარება ზაფხულამდე მოუწევთ.
აჭარის სტუმრებს ახალ ტურისტულ მარშრუტებსაც შესთავაზებენ. იგეგმება 5 ახალი მარშრუტის მარკირებაც. ტურიზმის დეპარტამენტი უკვე მარკირებული მარშრუტების სპეციალურ რუკებს დაბეჭდავს, რომლებსაც მსურველები ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში მიიღებენ.
ახალი მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ხასიათის საინფორმაციო ტურები მოეწყობა. სულ მაღალმთიანი აჭარის ეკოლოგიურ, სასოფლო-სამეურნეო და კულინარიულ მარშრუტებზე 10 ინფოტურის ჩატარება იგეგმება.