თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში სტარტი აიღო მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენამ Caucasus Build 2017.
Caucasus Build — რეგიონში მშენებლობის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა. გამოფენაში, რომელიც 19 მაისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას იღებს 150 კომპანია და სამშენებლო ინდუსტრიის 4000-ზე მეტი წარმომადგენელი. ღონისძიება გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.
„რეგიონში არსებული მზარდი ინვესტიციების გათვალისწინებით, Caucasus Build 2017 იდეალური ადგილია გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისთვის, რათა მათ წარმოადგინონ და დაინტერესებულ ორგანიზაციებს გააცნონ თავიანთი უახლესი პროდუქცია და სერვისები“, — აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
გამოფენაზე საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს, არქიტექტორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ გაცვალონ ინფორმაცია და დაგეგმონ სამომავლო ერთობლივი პროექტები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის წინასწარ მონაცემებს 22%-ით და იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს 5%-ით აღემატება.
2016 წელს საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობიდან მშენებლობაზე 10% მოდის — 163 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2015 წლის მონაცემებს 47%-ით აღემატება.