თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები — კრიზისი სირიაში", აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტები. შეხვედრაზე განიხილეს რელიგიური კონფლიქტები თანამედროვე სამყაროში, ინტერესთა კონფლიქტი სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" არსი, საერთაშორისო სამართლის დარღვევის პრეცედენტები და სხვა საკითხები.
"თუ პარალელს გავავლებთ ლიბიის კონფლიქტთან, როდესაც კადაფის მთავრობა გაანადგურეს, სირიის კონფლიქტის შემთხვევაში ვხედავთ "ისლამური სახელმწიფოს" — ტერორისტული ორგანიზაციის აღორძინებას, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოს შექმნა სურს. შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ ეს (სირიის კონფლიქტი) იყო მესამე მხარეების მიერ შექმნილი ხელოვნური კონფლიქტი", — განაცხადა კონფერენციის მონაწილემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით ბაბაევმა.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც სირიის კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დასასრულს ორგანიზატორებმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან გრძელდება. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების პერიოდში დაახლოებით 300 ათასი სირიელი დაიღუპა.