თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა, ქვეყნის განვითარების ნათელი მაგალითია, განაცხადა ლიტვის ეროვნული პოლიციის გენერალურმა კომისარმა ლინას პერნავასმა.
პერნავასი თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბესიკ ამირანაშვილს შეხვდა. პერნავასმა და ამირანაშვილმა ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობა განიხილეს.
„ცენტრი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, საქართველოს განვითარების მაჩვენებელია. ეს ის სფეროა, რომელშიც ლიტვის პოლიციას შესაძლებლობა აქვს ბევრ სიახლეს გაეცნოს. რამდენიმე ხნის წინ ქართველ კოლეგებთან ერთად ჩვენ აღნიშნული ცენტრის შექმნის საკითხები განვიხილეთ, დღეს კი ეს უკვე რეალობაა“, — განაცხადა პერნავასმა.
ლიტვის პოლიციის გენერალურმა კომისარმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ცენტრი მის ქვეყანაშიც გაიხსნება. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი მოწოდებულია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე ქვეყნის სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, აღნიშნა პერნავასმა.
დელეგაცია საქართველოში 19 მაისამდე დარჩება, რა პერიოდშიც ლიტვის პოლიციის წარმომადგენლები შსს-ს ცალკეული ქვედანაყოფების მუშაობას გაეცნობიან.
ერთობლივი ოპერაციების ცენტრი — შსს-ს ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფია, ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს, უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას.