თბილისი, 2 მაისი — Sputnik. კორუფციასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ლაშა ცომაიამ და ყაზახეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ დულატ აზბერგენოვმა, ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
აზბერგენოვი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა ყაზახეთის დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ქვეყნის გენერალური პროკურორი ჟაკიპ ასანოვი ხელმძღვანელობს. ყაზახეთის დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში და უწყების რეფორმებს გაეცნენ.
"მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლასა და პრევენციის საკითხებში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ლაშა ცომაიამ დულატ აზბერგენოვს სააგენტოს მიერ მიღწეული შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო კორუფციის პრევენციას და რისკების ანალიზს", — აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ დელეგაცია ასევე ეწვია იუსტიციის სამინისტროს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ყაზახ სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ უმასპინძლა.
ყაზახეთის დელეგაციის შემადგენლობაში, გარდა გენერალური პროკურორისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს დირექტორის მოადგილისა, ასევე შედიან ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ყაზახეთის შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
ყაზახეთის დელეგაცია საქართველოს სამშაბათს დატოვებს.