თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ბათუმის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ნათქვამია კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კლუბის ხელმძღვანელობასა და სპეციალისტს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუქმდა. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში გუნდის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ლევან ხომერიკს ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მას.
ლევან ხომერიკი „დინამოს" სათავეში გასულ წელს ჩაუდგა და გარდამავალ ჩემპიონატში გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2015/2016 წლის სეზონზე, როდესაც ბათუმის კლუბმა ეროვნული პირველობის ვერცხლის მედლები მოიპოვა, ხომერიკი „დინამოს" სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.
საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ხომერიკმა, როგორც მოთამაშემ, სწორედ ბათუმის „დინამოში" გაატარა. კლუბის შემადგენლობაში მან 145 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.
გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დროებით ამირან მუჯირი დაინიშნა. მომავალში ვინ ჩაიბარებს „დინამოს" სადავეებს, ჯერჯერობით უცნობია.
ქართული ეროვნული ლიგის ამჟამინდელ სეზონზე ბათუმის „დინამომ" ზედიზედ სამი დამარცხება იწვნია და 12 ტურის შემდეგ 12 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე ადგილს იკავებს (ჩემპიონატში სულ 10 გუნდი მონაწილეობს).