თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ამერიკული გამოცემა Vogue ტურისტებს ბათუმში სტუმრობას ურჩევს და მას ყველაზე მშვენიერ ზღვისპირა ქალაქს უწოდებს.
ეშლი შნეიდერის სტატიაში საუბარია საქართველოს მომაჯადოებელ ბუნებაზე, ქართულ ტრადიციებზე, სტუმართმოყვარეობაზე, ქართულ სამზარეულოზე, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აჭარის მარგალიტს — ბათუმს და მის ძველ კულტურას.
მასალაში აღნიშნულია, რომ ქალაქში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ინგლისური ენა უფრო გავრცელებული გახდა და ქართველები ტურისტებს საკუთარ კულტურას უფრო ღიად და გატაცებით აცნობენ.
„საფერავს პირდაპირ ქუჩებში ნახავთ. ღვინო იმდენია, რამდენსაც ინებებთ… მაშინ, როდესაც დასავლელი ტურისტები, ძირითადად, თბილისს სტუმრობენ, ზღვისპირა ბათუმში ცოტა ვინმე ჩადის, სადაც მშვენიერი გარემო და კერძებია. ტურისტები აქ ძველ კულტურას ეზიარებიან“, — წერს ავტორი.
შნეიდერი ტურისტებს ურჩევს ჯერ თბილისს ესტუმრონ, შემდეგ კი ბათუმს. ის წერს, რომ ტურისტებმა რაც შეიძლება მეტი დრო ქუჩაში უნდა გაატარონ, ბათუმის ბულვარი კი ამისათვის შესანიშნავი ადგილია.
სტატიაში ასევე მოხვდა ალი და ნინოს მოძრავი სკულპტურა, ავტორი ტურისტებს ურჩევს აუცილებლად ნახონ სკულპტურა და მუსლიმი ალისა და ქართველი ნინოს სიყვარულის სიმბოლოთი დატკბნენ. წიგნი „ალი და ნინო“, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელ ყურბან საიდის ეკუთვნის.
ანბანის კოშკი ავტორმა „ეიფელის კოშკს“ შეადარა და აღნიშნა, რომ ამ კოშკიდან ქალაქზე და ზღვაზე დაუვიწყარი ხედი იშლება.
შნეიდერი ტურისტებს ასევე ბათუმის ულამაზესი ბოტანიკური ბაღის მონახულებას ურჩევს, სადაც მათ ბამბუკის ტყეში გასეირნება და სეკვოიას ჩრდილში დასვენება შეუძლიათ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველებისათვის სტუმარი — წმინდაა და სახლში ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ავტორი ყველას ურჩევს ისე არ წავიდნენ ბათუმიდან, რომ ნამდვილი აჭარული ხაჭაპური არ დააგემოვნონ.