თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ქართულ ავიაბაზარზე უკრაინული ANDA Air-ი შემოდის — ავიაკომპანიამ ზაფხულის პერიოდში საქართველოსა და უკრაინის ქალაქებს შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებაზე თანხმობა მიიღო.
უკრაინული ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს MD 83 ტიპის საჰაერო ხომალდებით კიევი-ბათუმი-კიევისა და კრივოი-როგი–ბათუმი–კრივოი-როგის მიმართულებით შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე.
კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერული რეისები 3 ივნისიდან 30 აგვისტომდე პერიოდში კვირაში ორჯერ — ოთხშაბათობით და შაბათობით განხორციელდება, ხოლო კრივოი-როგსა და ბათუმს შორის – 21 ივნისიდან 30 აგვისტომდე კვირაში ერთხელ — ოთხშაბათობით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინული ავიაკომპანიისთვის ფრენების განხორციელების შესაბამისი ნებართვა 15 მაისს გასცა.