თბილისი, 16 მაისი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა თორნიკე კაჭარავა — საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
კაჭარავა ორშაბათს, საღამოს დააკავეს.
"დიახ, ის (თორნიკე კაჭარავა) გუშინ დააკავეს. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. მიმდინარეობს ამოღებული ნივთიერების ექსპერტიზა", — განაცხადა შსს-ს თანამშრომელმა.
ანა მარგველაშვილი წუხელ პოლიციის შენობაში იმყოფებოდა, სადაც დაკავებული კაჭარავა მიიყვანეს. პრეზიდენტის ქალიშვილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა. ჯერ კიდევ მარტში მან განაცხადა, რომ პოლიციელები კაჭარავასთვის ნარკოტიკების ჩადებასა და მის დაპატიმრებას აპირებენ.
"ვაკეთებდი განცხადებას ამის თაობაზე, რომ ჩემ მეგობარს თორნიკე კაჭარავას უპირებდნენ (ნარკოტიკის) ჩადებას, და დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაც ფხვნილი თუ რაღაც წამალი, არ ვიცი, ჯერ ზუსტად არ არის გარკვეული და ველოდებით. რეალურად არაფერი არ ჰქონდა", — განუცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ს.
მანამდე, მარტში შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკების გამო დააკავეს ანას მეგობარი მიხეილ თათარიშვილი. მაშინ ანა მარგველაშვილმა მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა ლოზუნგით "არა ჩადებას".
"წინასწარ იცოდა თორნიკე კაჭარავამ, რომ აპირებდნენ ჩადებას, ოღონდ არ იციან ჯერ რა აქვთ ჩადებული, იმიტომ რომ ექსპერტიზაზე არის ეს ნივთიერება. მანამდე, ორი თვით ადრე მიხეილ თათარიშვილი დაიჭირეს, თორნიკეს მეგობარი. ინფორმაცია ჰქონდათ და სახლიდან არ გამოდიოდა, უბრალოდ, ექიმთან მივიდა, ჯანმრთელობა აწუხებდა, მაგით ისარგებლეს, ერთხელ გამოვიდა და დაიჭირეს. ბიძამისი გამოუშვეს, მოწმის სახით იყო და თორნიკე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში", — განაცხადა კაჭარავას მეგობარმა ლევან დეკანოსიძემ Rustavi2-თან ინტერვიუში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა". დანაშაული სასჯელის სახით ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.