თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად სლოვაკეთში იმყოფება.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტის დეპუტატები მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე და ადა მარშანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე.
დღეს დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის პრეზიდენტთან ანდრეი კისკასთან.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები მასმედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ და სლოვაკი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები სლოვაკეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან – პრემიერთან და ეროვნული საბჭოს სპიკერთან.
ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილი კომენიუსის უნივერსიტეტში ევროპის სტაბილურობის ჭრილში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს და უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.
საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრატისლავაში ბავშვთა ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ეწვევა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს. ასევე ეწვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საწარმოს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება.
16 მაისს საქართველოს პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ლევოჩაში, მშობლიურ ქალაქში უმასპინძლებს. პრეზიდენტები ტატრას მთაზე სამთო–სათხილამურო კურორტს დაათვალიერებენ და ანდრეი კისკა საქართველოს დელეგაციას ტურიზმის განვითარების მიმართულებით სლოვაკეთის გამოცდილებას გაუზიარებს.
გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი სლოვაკეთში 17 მაისს დასრულდება.