თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები შეუერთდნენ კამპანიას „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ და უკვე დარგეს ხეობაში სხვდასხვა სახეობის ნერგები, ნათქვამია ადმინისტრაციის facebook გვერდზე.
ბორჯომის ხეობა დაზარალდა 2008 წლის ომისას. მაშინ ხანძარმა 950 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 250 სრულად განადგურდა.
ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ნერგები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით შეიძინეს.
კამპანიას „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“, ახორციელებენ ბიზნეს-ინფორმაციის სააგენტო „ბია“ და სტარტაპი „ტრიპექსი“. მათ უკვე დარგეს 15,7 ათასი ნერგი. სულ იგეგმება 750 ათასი ნერგის დარგვა.
კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს. ამისთვის უნდა შეხვიდეთ კამპანიის საიტზე, შეავსოთ შესაბამისი ანკეტა და შეიძინოთ კავკასიური ფიჭვის, მუხის, ნეკერჩხლის, სოჭისა და ნაძვის ნერგები. ხეების დარგვა თავადაც შეგიძლიათ, ან უნდა ენდოთ ამ საქმის მცოდნე ადგილობრივ მოსახლეობას.
ხეობაში ხეების დარგვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დროის გასვლის მერე, ნახანძრალის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელი ხდება. ამასთან ნიადაგის ეროზიის გამო შესაძლოა „ჯანმრთელი“ ტყეც დაზიანდეს, მათ შორის ევროპაში უდიდესი —ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
პარკს უკავია 85 ჰექტარზე მეტი ფართობი და ექვს ადმინისტრაციულ ტერიტორიას მოიცავს-ბორჯომი, ხარაგაული, ხაშური, ახალციხე, აბასთუმანი და ბაღდათი. პარკი 1995 წელს შეიქმნა და ითვლება პირველ ეროვნულ პარკად, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.