თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმიდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს — ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალური უქმეა.
ეს გადაწყვეტილება ანდრია პირველწოდებულის საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეფუძნება. სწორედ მან იქადაგა პირველმა ქრისტიანობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე I საუკუნეში.
ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
როგორც წესი, ყველაზე მეტი მორწმუნე წმინდანის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბება, რომელიც „ლურჯი მონასტრის“ სახელითაა ცნობილი.
ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.
როგორც ცნობილია, ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველად მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ჩამოვიდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანა და დიდი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.
გადმოცემის თანახმად, სწორედ ანდრია პირველწოდებულმა ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა. რის შემდეგაც მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და ბოლო მოგზაურობაში წავიდა. გადმოცემით ცნობილია რომ ის ისევ ეწვია საქართველოს და აფხაზეთსა და ქართლში ქრისტიანობა იქადაგა. შემდეგ კი ისევ სხვა ქვეყნებში განაგრძო მოგზაურობა.
ბოლო ქალაქი, სადაც ანდრია პირველწოდებული მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა, იყო საბერძნეთის ქალაქი პატრა. წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ იგი. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ ანდრია, მაგრამ მან მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და აღესრულა. ეს მოხდა 62 წელს. დაკრძალეს იქვე, პატრაში.
357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა- კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში.
2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ — 12 მაისსა (საქართველოში ჩამობრძანების დღე) და 13 დეკემბერს (მისი აღსასრულის დღე) აღნიშნავს.