თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ ხუთშაბათს უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღება დაამტკიცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости Украина ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
მისი განცხადებით, შესაბამის საკანონმდებლო აქტს სტრასბურგში 17 მაისს საზეიმოდ მოეწერება ხელი.
"ეს, ალბათ, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის სამი წლის განმავლობაში", აღნიშნულია პოროშენკოს მიმართვაში.
შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ევროკავშირის საბჭოს Twitter-ის მიკრობლოგში.
ამის შემდეგ უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწერონ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის — მალტის წარმომადგენელმა. ამის შემდეგ გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ მაცნეში და 20 დღის შემდეგ უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის განმავლობაში საერთო ჯამში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ. ვიზები საჭირო არ იქნება ტურისტული, საქმიანი და სამოგზაურო ვიზიტებისთვის.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ანალოგიური პირობები 28 მარტს ამოქმედდა.