თბილისი, 2 მაისი — Sputnik. შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 11,7 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში.
ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე (180-იდან 90 დღე) ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სახით ვიზიტებზე.
"ერთი თვის განმავლობაში უვიზოდ საზღვარი საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ იყო შიშები, ბევრი იქნებოდა ისეთი მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც საზღვრიდან მოაბრუნებდნენ, ეს შიშები არ გამართლდა — სულ გვაქვს 26 ასეთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები საზღვრიდან გამოუშვეს და ქვეყანაში არ შეუშვეს", — განაცხადა ხულორდავამ.
მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზი იყო სათანადო დოკუმენტების არქონა.
მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს არ ჰქონდა ბიომეტრიული პასპორტი, ან არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, როდესაც არ იცოდნენ მგზავრობის მიზანი და მესაზღვრის ელემენტარულ კითხვას ვერ უპასუხეს, განაცხადა ხულორდავამ.
დეპუტატმა საქართველოს მოქალაქეებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, რამდენადაც ცალკეული პირების დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს უვიზო რეჟიმი.
""ოპტიმისტი ვიქნები და ვიტყვი, რომ დარღვევები არ იქნება იმ მოცულობით, რომ მომავალში ამ რეჟიმით სარგებლობა საფრთხის ქვეშ დადგება. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ კამპანია უნდა გააგრძელოს. ვფიქრობ, ამაში აქტიურად უნდა ჩაერთონ მასმედიის წარმომადგენლები, რომ ჩვენ მოქალაქეებამდე მიიტანონ ინფორმაცია, რომ მათ იცოდნენ, მათ მიერ დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც შეიძლება მხოლოდ მის პირად ცხოვრებას უკავშირდება, შესაძლოა, რეალური გავლენა თითოეულ ჩვენგანზე მოახდინოს", — განაცხადა ხულორდავამ.