თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ტყიბულის მაღაროდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები, რომელიც 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
უბედური შემთხვევა სამშაბათს, საღამოს მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი. ბაგირის გამოცვლის დროს ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ასევე ჩართული იყვნენ თბილისისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამთო მაშველები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო ღონისძიებებს ატარებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შემთხვევის ადგილზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ერთად, იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.