საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო თასზე ავსტრალიასა და უელსს შეერკინება

გამოწერა
ქართველმა მორაგბეებმა, ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია ავტომატურად მოიპოვეს.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ოთხშაბათს იაპონიის ქალაქ კიოტოში ჯგუფური ეტაპის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის  წილისყრა შედგა, რომელიც იაპონიაში 2019 წელს გაიმართება, იუწყება რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ოფიციალური ვებ-გვერდი.

წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში აღმოჩნდა. გამოვლინდა მისი პირველი ორი მეტოქის ვინაობა — ეს არის ავსტრალიისა და უელსის გუნდები.

კიდევ ორი ნაკრების ვინაობა, რომელიც D ჯგუფს შეავსებს,  ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ყველა კონტინენტზე საკვალიფიკაციო ეტაპები დასრულდება. ეს იქნება ოკეანიის პირველი გუნდი და ამერიკის მეორე გუნდი. 

მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
გორგოძე მიდის: რაგბის ნაკრები ლიდერის გარეშე დარჩა

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ სტადიაზე ორი გამარჯვება მოიპოვა — ტონგასთან (17:10) და ნამიბიასთან (17:16), ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად,  2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, კვალიფიკაცია ავტომატურად მოიპოვა.

2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შედეგები:

А ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, ევროპის პირველი გუნდი, ფლეი-ოფის გამარჯვებული.

В ჯგუფი: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, იტალია, აფრიკის პირველი გუნდი, სანუგეშო ფინალის გამარჯვებული.

С ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, ამერიკის პირველი გუნდი, ოკეანიის მეორე გუნდი.

D ჯგუფი: ავსტრალია, უელსი, საქართველო, ოკეანიის პირველი გუნდი, ამერიკის მეორე გუნდი.

2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. რაგბის ისტორიაში ეს პირველი ჩემპიონატი იქნება, რომელიც აზიაში გაიმართება.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდიის ნაკრებია.


ყველა ახალი ამბავი
0