თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანმა და უცვლელმა ლიდერმა მამუკა გორგოძემ ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა — სპორტსმენის განცხადება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ამ რთული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე გორგოძე თითქმის ერთი წელი ფიქრობდა.
„ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა, მთხოვეს და დავრჩი. თუმცა, მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა", — ნათქვამია გორგოძის განცხადებაში.
„უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნება", — აღნიშნა გორგოძემ.
გორგოძემ ასევე დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გააკეთა, რადგან ნაკრები ტურნირისათვის მზადებას იწყებს და მწვრთნელებმა შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანონ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გორგოძემ 71 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 13-ში კაპიტანი იყო. მისი დებიუტი 2003 წელს ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში შედგა, როდესაც ის შეცვლაზე გამოვიდა. იმ დროიდან გორგოძეს ქვეყნის მთავარ გუნდში მუდმივად იბარებდნენ.
გორგოძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი მელელოვეა — მას 26 ლელო აქვს გატანილი. საქართველოს საუკეთესო მორაგბე ექვსჯერ გახდა —2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლებში, 2011 წელს კი ის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
მონაწილეობა აქვს მიღებული სამ მსოფლიო თასზე — 2007, 2011 და 2015 წლებში. 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან.
2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია — ტონგასთან (17:10) და ნამიბიასთან (17:16) თამაშების მოგებით 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ავტომატურად მოიპოვა. იმ ნაკრების კაპიტანი გორგოძე იყო.
„მოგება ისე არასდროს გამხარებია, როგორც ტონგასთან ბოლო მსოფლიო თასზე. კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო", — აღნიშნა გორგოძემ.
ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გორგოძემ მარტში რუმინეთის გუნდის წინააღმდეგ ევროპის ერთა თასის ფარგლებში ჩაატარა, სადაც ქართველებმა რუმინელებს ანგარიშით 7:8 დაუთმეს.
„არ მინდოდა გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!", — განაცხადა გორგოძემ.
გორგოძემ ასევე ყველა იმ ქომაგს გადაუხადა მადლობა, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში მხარს უჭერდნენ და მის გვერდით იდგნენ. თავის კუმირს სწორედ მათ შეარქვეს მეტსახელი — გორგოძილა!
„მაქვს ერთი სურვილი — ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა ამას მოახერხებს", — დასასრულს აღნიშნა გორგოძემ.