თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მუშების ოჯახები კომპანია „საქნახშირისგან“ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომპენსაციას მიიღებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი გახარიამ.
სამშაბათს, საღამოს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა. კომპანია „საქნახშირის“ მონაცემებით, რომელიც მაღაროს მფლობელია, ბაგირის გამოცვლის დროს ჩაწყდა საბარგო კაბინა და ოთხი მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა. მუშები დაიღუპნენ. მათი ცხედრების ამოყვანა მხოლოდ ოთხშაბათს გამთენიისას მოხერხდა.
„დაღუპულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევათ როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი", —განაცხადა გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით.
კომპანია „საქნახშირმა“ სპეციალისტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც ოთხი მუშის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზებს დაადგენს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით ისჯება.
„საქნახშირი" ჰოლდინგის „ქართული ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG) შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა მოიცავს ქვანახშირის მოპოვებას, მის გამდიდრებასა და რეალიზაციას. ქართულ ბაზარზე ის ქვანახშირის მომპოვებელი ერთადერთი კომპანიაა.