თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში შემოდგომაზე შევა კანონპროექტი, რომელიც მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩატარებას ითვალისწინებს, ამის შესახებ შს მინისტრი მოადგილე შალვა ხუციშვილმა ტელეარხ Imedi-ს განუცხადა.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა შსს-ს სპეციალურ ტერიტორიებზე რიგი მანევრების შესრულებას ითვალისწინებს. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია უწყების ავტომობილებით მართვის როგორ მექანიკური, ისე ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
„ყველა ლოკაციაში, სადაც მართვის მოწმობის გამოცდები ტარდება, შესაძლებელი იქნება პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება. ამ ცვლილებების მიზეზი, პირველ რიგში, ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებაა, რომელიც გვავალდებულებს, უზრუნველვყოთ გამოცდების ჩატარება ევროპული სტანდარტებით რეალურ პირობებში, მეორეც, ესაა კვლევის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ერთ-ერთი პრობლემური საკითხი მძღოლების კვალიფიკაციაა", — განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდები ძალზე იოლია და პრაქტიკული გამოცდა კითხვებს აჩენს.
„პრაქტიკული გამოცდა რამდენიმე მანევრის დემონსტრაციისგან შედგება, რაც საკმარისი არ არის", — განაცხადა ხუციშვილმა.
ამჟამად სახელმწიფო ერთდროულად ორი მიმართულებით მუშაობს — პრაქტიკული გამოცდის რეალურ ვითარებაში ჩატარების უზრუნველყოფა და სტანდარტების შემოღება ავტოსკოლებისთვის.
"შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ამა წლის სექტემბერში, საშემოდგომო სესიის დაწყებისას შევა", — აღნიშნა ხუციშვილმა.
მანამდე საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა შესწორებები საგზაო მოძრაობის წესების დაცვის კონტროლის გამკაცრებისა და დამრღვევების მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ახალი წესები 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდება.
შსს-ში ვარაუდობენ, რომ შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ მძღოლები უფრო ფრთხილად იმოძრავებენ და საგზაო შემთხვევები შემცირდება. მხოლოდ 2017 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავდა 7,3 ათასი ადამიანი, ხოლო 409 — დაიღუპა.