თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი თამარ გაჩეჩილაძე 9 მაისს, კიევში გამართული სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზია 2017“-ის ფინალში ვერ გადავიდა.
„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი ბუკმეკერთა რჩეულმა, შვედმა რობინ ბენგტსონმა გახსნა სიმღერით "I cant go on". მას საბუკმეიკერო ფირმები მესამე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
თამარი მეორე ნომრად გამოვიდა. მას დიზაინერ ლაშა ჯოხაძის მიერ შექმნილი გრძელო წითელი კაბა ეცვა. შემსრულებელს ბექ-ვოკალზე 5 ვოკალისტი ეხმარებოდა. მომღერალს იოტის ოდენა შეცდომაც კი არ დაუშვია.
გაჩეჩილაძის შემდეგ კიდევ ერთი ბუკმეკერთა რჩეული წარსდგა სცენაზე — ავსტრალიელი ისაია სიმღერით "Don't Come Easy". შემდეგ სცენაზე გამოვიდნენ ლინდიტა ხალიმი ალბანეთიდან, ბლანში ბელგიიდან, სლავკო კალეზიჩი ჩერნოგორიიდან, ჯგუფი Norma John ფინეთიდან, Dihaj — აზერბაიჯანიდან, სალვადორ სობრალი პორტუგალიიდან. სიტყვამ მოიტანა და სალვადორს ბუკმეიკერები მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
შემდგომში ნახევარფინალზე წარსდგნენ საბერძნეთის, პოლონეთის, მოლდოვას, ესპანეთის, ჩეხეთის, კვიპროსის, სომხეთის, სლოვენიისა და ლატვიის წარმომადგენლები.
ამრიგად, 18 მონაწილიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელო გადავიდა. ესენი არიან: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სომხეთი, ავსტრალია, კვიპროსი და ბელგია.
„ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი კიევის საგამოფენო ცენტრის სცენაზე 11 მაისს შედგება, ხოლო ფინალი — 13 მაისს.