თბილისი, 8 მაისი — Sputnik. კვირას უკრაინის დედაქალაქში სიმღერის 62-ე საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2017" ოფიციალურად გაიხსნა — 42 ქვეყნის ყველა მონაწილე წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა.
საქართველოს წარმომადგენელი თამარ (თაკო) გაჩეჩილაძე გახსნის ცერემონიაზე ქართული დელეგაციის თანხლებით და საქართველოს სახელმწიფო დროშებით გამოჩნდა.
გახსნის ცერემონიისათვის თაკომ აირჩია კლასიკური შავი გრძელი კაბა, ღრმა დეკოლტეთი და ღია ზურგით. აქსესუარებიდან — შავი კლანჩი და მზის სათვალე.
"აი მესმის კაბის არჩევანი! მშვენიერია!", — შეაფასა თამარ გაჩეჩილაძის სამოსი ცერემონიის წამყვანმა.
შეკითხვაზე, რა დატვირთვა აქვს მის სიმღერას Keep The Faith, მომღერალმა უპასუხა: "ჩემი სიმღერის მთავარი გზავნილია — ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, როდესაც ხარ განსაცდელში ან მოწყენილი, არ დაკარგოთ რწმენა. შენი თავის უნდა გჯეროდეს, იმედი და რწმენა არასდროს არ უნდა დაკარგო. და ყველაფერი მშვენივრად იქნება", — განაცხადა თამარმა.
თამარ გაჩეჩილაძე „ევროვიზიაზე", პირველი ნახევარფინალში 9 მაისს მეორე ნომრით წარსდგება. საქართველოში კონკურსის ნახვა 23:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში და ონლაინ, მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.
პირველ ნახევარფინალში ქართველ კონკურსანთან ერთად ასევე წარსდგებიან: ავსტრალიის, ალბანეთის, ბელგიის, ჩერნოგორიის, ფინეთის, აზერბაიჯანის, პორტუგალიის, საბერძნეთის, პოლონეთის, მოლდოვის, ისლანდიის, ჩეხეთის, კვიპროსის, სომხეთის, სლოვენიისა და ლატვიის წარმომადგენლები. თვრამეტი მონაწილიდან ფინალში ათი შემსრულებელი გადავა.
მეორე ნახევარფინალი კიევის საგამოფენო ცენტრის სცენაზე 11 მაისს, ხოლო ფინალი —13 მაისს გაიმართება. ფინალში წარსდგებიან თითოეული ნახევარფინალის გამარჯვებულები და „დიდი ხუთეულის"- კონკურსის დამფუძნებლები (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი) და მასპინძელი ქვეყანა — უკრაინა.
„ევროვიზიის" მასპინძლობის უფლება წელს უკრაინას ერგო მომღერალი ჯამალას სტოკჰოლმში შარშანდელი გამარჯვების წყალობით. ასე რომ, სტუმრები უკრაინაში უკვე ჩადიან და ვნებათაღელვა იმატებს. კონკურსის ფინალი კიევში 13 მაისს ჩატარდება, ნახევარფინალები — 9 და 11 მაისს.