მოდის კვირეული თბილისში 4-დან 8 მაისის ჩათვლით იმართებოდა და ამ არენაზე საქართველოს ყველაზე ცნობადი, პერსპექტიული და მოდური დიზაინერები შეკრიბა, რომელთა სამოსს ატარებენ არა მარტო ქვეყნის ყველაზე თავგამოდებული მოდის მიმდევრები, არამედ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა მოდელი ბელა ჰადიდი.
AVTANDIL
MBFW ქართული მოდის ერთ-ერთმა პიონერმა, საქართველოს ფეშენ-ინდუსტრიის "ნათლიმამამ", ანუ უბრალოდ AVTANDIL-მა გახსნა. მოდელიერმა ტრენდად გამოაცხადა "დუტი" ჟილეტები, ბოტფორტი ჩექმები და ჯინსის ქსოვილი.
დიზაინერის კოლექციას ახასიათებდა ქალურობა, სექსუალურობა და თამამი სილუეტები.
თავის კოლექციაში კუტურიემ გამოიყენა ორგანზა, ნატურალური ქსოვილები და ხავერდი, უპირატესობა მიანიჭა ზღვის ტალღის ფერს, კეთილშობილ მწვანეს და ბორდოსფერს. ავთანდილის ტოპ-სამოსი გახდა AVTANDIL-ის საავტორო წარწერიანი საფირმო ბოდე და ბოტფორტები.
ქეთი ჩხიკვაძე
დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ მაყურებლის წინაშე 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ბეწვეული, ტყავი, ტრიკოტაჟი, შალი, შიფონი, ძვირფასი ქვები და ყვავილები ჰარმონიულად ამშვენებდა ძვირფასი ქსოვილებისგან შეკერილ კაბებს. ჩვენების ტრენდად იქცა ჩხიკვაძის ფეხსაცმელი — უზარმაზარი ბაფთებით მორთული ელეგანტური და ავანგარდული შუზები.
თითქმის ყველა მოდელს თავსაბურავი ამშვენებდა, რომელიც ყვავილებისა და ძვირფასი ქსოვილებისგან იყო შექმნილი. ყველა სამოსი აღმოსავლურ მოტივებს ასხივებდა: სადა და ელეგანტური, კოჭებამდე გრძელი კაბები. მიუხედავად იმისა, რომ კოლექციაში შავი ფერი დომინირებდა, დიზაინერმა მოხერხებულად გამოიყენა თეთრი ბეწვი, წითელი და რუხი ტონები, ასევე ქვებითა და ნაქსოვი ყვავილებით მორთული კოსტიუმები.
კოლექციის ლაიტმოტივი გახდა ქალის ძლიერი სილუეტი, ელეგანტური და პრაქტიკული. "ეს არის კოლექცია ძლიერი და ელეგანტური ქალისათვის. ის უკვე გაყიდულია მილანში, პარიზსა და ლოს-ანჯელესში. ორ თვეში მას მთლიანად საექსპორტოდ ვაგზავნით", — აცხადებს ჩხიკვაძე.
Situationist
Situationist-ის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეფილე გახდა, რადგან ახალგაზრდა ქართული ბრენდის სახელი სამშობლოს ფარგლებს დიდი ხანია გასცდა.
ბრენდი Situationist-ი ქართველმა დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს. დამწყები ქართული ბრენდის შემოქმედება ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა შეაფასა, რომელიც Situationist-ის სამოსით საზოგადოებაში არაერთხელ გამოჩენილა. იმავე პერიოდში ჟურნალ Vogue-მა ქართულ ბრენდს მიმოხილვა მიუძღვნა, რომელშიც Situationist-ი დემნა გვასალიას Vetements-ის ესთეტიკას შეადარა.
აღსანიშნავია, რომ Situationist-ის შემქმნელებს თავის კოლექციებში საქართველოს სიმბოლიკის გამოყენება უყვართ. ამჯერადაც ბრენდმა კოლექცია წარადგინა, სადაც სამოსზე საქართველოს დროშა და ქართლის დედა არის გამოსახული.
Situationist-ის კოლექციას ახასიათებდა ძლიერი და სექსუალური სილუეტები, თამამი და მოულოდნელი ფორმები. ჩვენების ფავორიტები გახდა ტყავის კომბინეზონები, ლაბადები და ბოტფორტები.
Alexander Aryutunov
ცნობილმა მოსკოველმა დიზაინერმა ალექსანდრ არუთინოვმა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, თბილისში აქტუალური გზავნილის მქონე ძლიერი კოლექცია-უნისექსი წარადგინა. არუთინოვის სამოსმა მდიდარი მოდის მიმდევრების გარდერობებში ადგილი დიდი ხანია დაიმკვიდრა, წლიდან წლამდე დიზაინერი ორიგინალური და ქალური სტილის მოყვარულებს აკვირვებს.
დიზაინერმა საკუთარ კოლექციას სუპერმოდური და ახალგაზრდული უწოდა. არუთინოვი აღიარებს, რომ ამ კოლექციის შექმნაზე მას შშმ პირებმა შთააგონეს.
არუთინოვის ჩვენებას ეფექტური შოუ ახლდა, რაც ისედაც საინტერესო სამოსს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებდა.
და სხვები
MBFW-ის ფარგლებში ასევე ისეთი დიზაინერების ახალი კოლექციების ჩვენებები გაიმართა, როგორებიცაა Liya, Anuka Keburia, Salome, Ria Keburia Gallery, Vaska, Datuna, Aka Nanita, Anouki, Lalo, Diana Kvariani, Tamuna Ingorokva, George Shaghashvili, Keti Chkhikvadze, Lako Bukia, Chubika, Djaba Diassamidze, Simon Machabeli, ბრენდები Dalood-ი, Mach & Mach-ი და Eloshi, მოდის სახლი Material Factory და სხვები. მოდური მოვლენა ბრენდ Bessarion-ის ჩვენებით დასრულდა.
ამ სეზონზე MBFW Tbilisi-ის ჩვენებები სხვადასხვა სივრცეებში გაიმართა, მათ შორის, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa Tbilisi), სამეფო კვარტლის თეატრში, საქართველოს მწერალთა სახლში, სასტუმრო Rooms-სა და Tbilisi Marriott-ში.
Mercedes-Benz Fashion Week-ი კომპანია Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის საერთაშორისო კვირეულების სერიაა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში — მათ შორის, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში.