დღეს გაზაფხულის მხოლოდ და მხოლოდ მეორე დღეა, მაგრამ ჩვენ, განსაკუთრებით ქალები უკვე ვფიქრობთ გარდერობის განახლებაზე… რადგანაც სულ მალე, შორს გადავმალავთ ასე მობეზრებულ თბილ ტანისამოსს და გალამაზებულები და გამშვენიერებულები მოვეფინებით ქუჩებსა და… გულებს… დღეს კი ჩვენი აივნის სტუმარია ძალიან ნიჭიერი და საინტერესო პიროვნება — სახელგანთქმული კუტიურიე, მხატვარი, პოეტი, მოსკოვის მოდის სახლის პრეზიდენტი, რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი, პარიზის საპატიო მოქალაქე — ვიაჩესლავ (სლავა) ზაიცევი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1938 წლის 2 მარტს, ქალაქ ივანოვოში…
განწყობისათვის, გთავაზობთ მოდელიერის ერთ-ერთ კოლექციას…
საოცრად საინტერესოა სლავა ზაიცევის ბიოგრაფია… ის დაიბადა ქალაქ ივანოვოში, რომელსაც „საცოლეების ქალაქს“ უწოდებენ და რომელიც ცნობილია ტექსტილის წარმოებით. წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ივანოვოს ქიმიკო-ტექნოლოგიური ტექნიკუმი და მიიღო კვალიფიკაცია — მხატვარი ქსოვილების მოხატვის დარგში. შემდეგ გადავიდა მოსკოვში, სადაც წითელ დიპლომზე დაამთავრა მოსკოვის ტექსტილის ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო ქ.ბაბუშკინოს ექსპერიმენტალურ სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც ის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს.
პირველი მისი კოლექცია გახდა ტანსაცმლის კოლექცია სოფლებში და დაბებში მომუშავე ქალებისთვის. სლავა ბავშვობიდან არაორდინალურად აზროვნებდა და ამ კოლექციაშიც ეცადა უარი ეთქვა სტერეოტიპებზე — ფერშიც და მოდელშიც, რის გამოც, მისი კოლექცია კომისიამ უარყო. მიუხედვად ამისა, მასალების ამ კოლექციაზე ცოტა ხანში დაიბეჭდა პარიზის ყოველკვირეულ პოპულარულ ჟურნალში „Paris Match“, სათაურით: „კაცი რომელიც მოსკოვს კარნახობს მოდას“…
სწორედ ამ პუბლიკაციით დაინტერესდნენ მსოფლიოში ცნობილი მოდელიერები მარკ ბოანი, პიერ კარდენი და 1965 წელს მოძებნეს ვიაჩესლავ ზაიცევი, რომელიც უკვე მუშაობდა მოსკოვის საკავშირო მოდელების სახლის ექსპერიმენტალური საამქროს სამხატვრო ხელმძღვანელად. პარიზიელი მოდელიერები გაეცნენ ზაიცევის შემოქმედებას და აღიარეს, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია… ამ შეხვედრის შედეგად, ჟურნალში «Women Wear Daily» დაიბეჭდა წერილი სახელწოდებით: „მოდის მეფეები“…
ვიაჩესლავ ზაიცევის კოლექციები ნელ-ნელა იმსახურებდნენ მოწონებას საზღვარგარეთ. ეს არ იყო ადვილი და საოცრად ბევრ პრობლემასთან და დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული…
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოდელიერებმა სლავა ზაიცევი „თავისიანად“ და თანასწორად მიიჩნიეს, როდესაც მას 50 წელი შეუსრულდა… ზაიცევს უამრავი შესანიშნავი კოლექცია აქვს შექმნილი, რომლებიც განსაკუთრებული ინდივიდულიზმისა და ფერთა საოცარი გამის გარდა შინაარსითაც გამოირჩევა… ეს არ არის უბრალო გავლა პოდიუმზე, — ეს ნამდვილი სპექტაკლია,ყოველთვის თავისი დრამატურგიით…
სლავა ზაიცევზე უამრავი რამის მოყოლა შეიძლება…მაგალითად, რომ ის ქმნიდა კოსტუმებს ოლიმპიელებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატებზე გამომსვლელი მოციგურავებისთვის და პოლიციის თანამშრომლებისთვის, რუსეთის შოუ ბიზნესის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებისთვის… რომ მსოფლიოში კოსმეტიკის ლიდერმა ლ-ორეალმა გამოუშვა მისი სუნამო „მარუსია“, რომ ის იყო პირველი რუსი მოდელიერი, რომელსაც პარიზის მეზომ დე კუტიურმა დასდო მაღალი პატივი, მოეხდინა თავისი კოლექციის ჩვენება…რომ ბელგიაში გამოუშვეს ელიტარული ავეჯი მისი ესკიზებით, რომ ის წერს ლექსებს და ხატავს და მისი 5 ნახატი ამშვენებს ტრეტიაკოვის სახელობის გალერეას და პერსონალური გამოფენები იმართება მაოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, რომ ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას…
ერთ-ერთ ინტერვიუში სლავა ზაიცევმა განაცხადა, რომ ის ქნიდა ტანსაცმელს რუსეთის პირველი ლედისთვის და პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კაბებისთვის ესკიზებს უხატავდა…
მართლა უამრავი რამის მოყოლა შეიძლება, მაგრამ მე ერთ რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას… მახსოვს, მოსკოვში ჩემი მუშაობის დროს, 26 მაისის აღნიშვნისას, რომელიც ბატონი ზურაბ წერეთლის გალერეაში მიმდინარეობდა, მობრძანდა სლავა ზაიცევი… ის სულ 1 საათი იყო ჩვენი სტუმარი და ამ ხანმოკლე დროში, უყურადღებოდ და უკომპლიმენტოდ არ დატოვა უზარმაზარ და გადაჭედილ დარბაზში მყოფი არც ერთი მანდილოსანი… როდესაც ის წავიდა, ყველა ქალი უფრო ლამაზი იყო… სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მისი ქათინაური ერთი კვირა მეყო… ძალიან მომხიბვლელი, მომღიმარი და შესანიშნავი აურის მქონე ადამიანია… ტყუილად კი არ ეძახიან მას „მე-20 საუკუნის უკანასკნელ რომანტიკოსს“…
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ამჟამად ის ცოლს გაშორებულია, ყავს ერთი ვაჟი, რომელიც მამის კვალს გაყვა და შვილიშვილები…
ერთხელ სლავა ზაიცევმა თქვა „მე ავირჩიე საკუთარი რელიგია - სილამაზის რელიგია, რომელსაც ვემსახურები…“
დამეთანხმეთ, რომ მართლა ლამაზია…
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!