სოსო ტუხაშვილი: „ყველას მარტო 9 მაისს ვახსენდებით“

© Sputnik / Levan Avlabreliომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი
ომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამამულო ომის ვეტერანმა, სოსო ტუხაშვილმა 90 წელს გადააბიჯა. პროფესიით ისტორიკოსს იმ ყველაზე დიდ და საშინელ ომზე ბევრჯერ დაუწერია. დღეს ამ გადასახედიდან ცხოვრებას სხვა თვალით უყურებს, მაგრამ ერთში როგორც მაშინ, ახლაც დარწმუნებულია: სამყაროში ყველაზე დიდი საშინელება ომია და მასში იმარჯვებს ის, ვინც მართალია!..

როცა 18 წლის ბიჭი იყო და ომზე კი არა, ცხოვრებაზეც არ ჰქონდა წარმოდგენა და მანამდე იარაღიც არასოდეს სჭერია, ცხოვრობდა ბედნიერად კახეთის ერთ დიდ სოფელში, სახელად ბოდბისხევი. მერე კი ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა და ისიც ომის დასრულებამდე იბრძოდა. გამარჯვების დღეს — 9 მაისს სევასტოპოლში შეხვდა.

ბატონო სოსო მაღალ ჩინს არასოდეს გამოჰკიდებია, მსახურობდა 414-ე დივიზიაში, მონაწილეობა აქვს მიღებული: ანაპის, ჩრდილო კავკასიის, ყირიმისა და ყუბანის ბრძოლებში. სტალინის ოთხი მადლობა დაიმსახურა…

© Sputnik / Levan Avlabreliმადლობის წერილი იოსებ ტუხაშვილს სტალინისგან
მადლობის წერილი იოსებ ტუხაშვილს სტალინისგან - Sputnik საქართველო
მადლობის წერილი იოსებ ტუხაშვილს სტალინისგან

- ბატონო სოსო, ცოტანი დარჩით ვეტერანები საქართველოში…

— დიახ, ცოტანი დავრჩით, ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ სადღაც 1300 მდე ვართ… ერთმანეთთან შეხვედრას იშვიათად ვახერხებთ. ყველას მარტო 9 მაისს ვახსენდებით. მთავრობის ყურადღება ძალიან გვაკლია… იცით? როგორი შემართება იყო ომის დროს?— ყველა მზად იყო, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა. ახლა სადღაა ასეთი შემართება?…

- ომის გამოცხადების შესახებ როგორ და სად შეიტყვეთ?

— მე ვარ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან, რომელიც კახეთის ერთ-ერთი დიდი სოფელია. იმ დღეს სოფლის ბაზარზე წავედი. მაშინ როგორ იყო, იცით? დიდი. თეფში-რადიოები იყო, რომელსაც ბაღებში, ბულვარებსა და თავშეყრის ადგილებში ამაგრებდნენ. მახსოვს, კვირა დღე იყო და რადიომ გამოაცხადა, რომ ომი დაიწყო. ლევიტანმა ისეთი ტონით გამოაცხადა, რომ ტანში ჟრუანტელმა დაგვიარა… სულ ასე იყო, როცა მას ვუსმენდით. მე თუ მკითხავთ, ომი მართლა მან მოიგო! მოკლედ გამოცხადდა ომი და ბაზარში ხალხი აქეთ-იქით დაიფანტა, ზოგი პირქვე დაეცა, ზოგმა ტირილი დაიწყო, ზოგი გაოგნებული იდგა… 

© Sputnik / Levan Avlabreliომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი
ომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი - Sputnik საქართველო
ომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი

- თქვენ როდის წახვედით ფრონტზე?

— ომში სექტემბერში წამიყვანეს როცა ომი უკვე დაწყებული იყო. პირველად ჩამიყვანეს გორში, რომელიც მაშინ ამიერკავკასიის გამანაწილებელი პუნქტი იყო. ჯერ კარანტინში ვიყავი და მერე სამხედრო გზით ორჯონიკიძეში გადამიყვანეს. ორჯონიკიძე უკვე გერმანელების ცეცხლის ალში იყო გახვეული. ნოემბრის 6-ში უკვე ფრონტის წინა ხაზზე გამიყვანეს.

- ბატონო სოსო, გულწრფელად მითხარით, არ შეგეშინდათ? 

— როგორ არ შემეშინდა,18 წლის სოფლელი ბიჭი ვიყავი, ჩემს გვერდით ჩემზე პატარებიც იყვნენ, მაგრამ რას ვიზამდით? მანამდე იარაღი არასოდეს მჭერია ხელში. სამხედრო გზაზე რომ მივდიოდით, სამხედროების არავითარი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. იქიდან ხალხი, ლტოლვილები მორბოდნენ, დაჭრილები მოჰყავდათ — საშინელი სანახავი იყო. ნოემბრამდე ზურგში თავდაცვაში ვიყავით და ომისა და ტყვიამფრქვევების მარტო ხმა გვესმოდა. ჩვენი მეთაური წარმოშობით ოსი გაბარაევი, ძალიან კარგი ადამიანი და განათლებული პიროვნება იყო. 

© Sputnik / Levan Avlabreliიოსებ ტუხაშვილის სამხედრო ბილეთი
იოსებ ტუხაშვილის სამხედრო ბილეთი - Sputnik საქართველო
იოსებ ტუხაშვილის სამხედრო ბილეთი

- ფრონტის წინა ხაზზე სად აღმოჩნდით?

— ერთ დღეს გაბარაევს შტაბში დაუძახეს და უთხრეს, რომ ამ საღამოს ფრონტის წინა ხაზზე გავდივართო, იქ ირგვლივ ინგუშებისა და ოსების სოფლებია… საღამოს გაგვიყვანეს და ღამე მივდიოდით. მეთაური თან გვაფრთხილებდა: „სიჩუმე!“, ანუ ამ დროს ხმაური არ შეიძლებოდა… გერმანელებს იმ დროისათვის ძალიან ძლიერი ტექნიკა ჰქონდათ. თვითმფრინავები უშვებდა პარაშუტს, რომელიც 30 წუთი ენთო და გარემოს ისე ანათებდა, რომ ირგვლივ მთელი ტერიტორია ჩანდა. ეს კი საჭირო იყო, რადგან ჯარი ღამე მოძრაობს ხოლმე. ჩვენ არ ვიცოდით სად მივდიოდით. ადგილზე რომ მიგვიყვანეს, უკვე თენდებოდა. ღამის ოთხ საათზე სროლა დაიწყო. გვითხრეს, რომ გერმანელები ერთ დიდ დასახლებაში არიანო. დაიწყეს ქვემეხების სროლა, რომელიც ჩვენს თავზე გადადიოდა. ესროდნენ სწორედ იმ გზას, რომელიც თბილისიდან ორჯონიკიძეში შედის… 

- ბატონო სოსო, შემდეგ ყირიმშიც იბრძოდით, არა?

— დიახ, ჯარს გავყევი ყირიმამდე, სადაც 1943 წლის ოქტომბერში შეგვიყვანეს. ყირიმი საშინელი ფრონტი იყო, რადგან იქ გერმანელებმა სამი დივიზია ჩაძირეს. საბორნე გადასასვლელი, რომელიც აზოვისა და შავი ზღვას შორისაა ზუსტად ათი კილომეტრია. იქ გადასვლაზე, წარმოგიდგენიათ, რიგი იყო. ყუბანის ბრძოლის დროს ლესელიძეს შევხვდი, ძალიან უშიშარი კაცი იყო და მისი მოქმედება ყველას აღაფრთოვანებდა. ჩვენი, ანაპის 414-ე დივიზია დასავლეთში აღარ წასულა. იქ ბევრი ქართველი დაიღუპა…

© Sputnik / Levan Avlabreliომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი
ომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი - Sputnik საქართველო
ომის ვეტერანი იოსებ ტუხაშვილი

- გამარჯვების დღეს სად შეხვდით?

— 9 მაისს სევასტოპოლში შევხვდი. ლევიტანმა რომ გადმოსცა, ომი დამთავრდაო, ისეთი ამბავი მოხდა, ხალხი ბედნიერებისგან ყვიროდა, ირგვლივ ყველა სახის იარაღი ისროდა… 

- ბატონო სოსო, სტალინის დღესაც გჯერათ?

— რასაკვირველია, მჯერა! სტალინის სიკვდილის მერე მსოფლიომ დეზორგანიზაცია განიცადა. მისი ყველას სჯეროდა. მე პროფესიით ისტორიკოსი ვარ, წიგნები მაქვს დაწერილი და მისი სხვებთან შედარებაც არ შეიძლება, ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლიდერი იყო… 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0