თბილისი, 9 მაისი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2017“ საქართველოს წარმომადგენელი თაკო გაჩეჩილაძე სამშაბათს, მეორე ნომრით გამოვა და დღესვე გახდება ცნობილი, ქართველი მომღერალი მოხვდება თუ არა შოუს ფინალში.
გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალში მეორე ნომრით გამოვა. ქართველ კონკურსანთან ერთად მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან: ავსტრალიის, ალბანეთის, ბელგიის, ჩერნოგორიის, ფინეთის, აზერბაიჯანის, პორტუგალიის, საბერძნეთის, პოლონეთის, მოლდოვის, ისლანდიის, ჩეხეთის, კვიპროსის, სომხეთის, სლოვენიისა და ლატვიის წარმომადგენლები. თვრამეტი მონაწილიდან ფინალში ათი შემსრულებელი გადავა.
„რეპეტიციებმა კარგად ჩაიარა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა. დღეს გადამწყვეტი დღეა — ნახევარფინალი. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს მხარი დამიჭირონ“, — განაცხადა ჟურნალისტებთან თაკო გაჩეჩილაძემ.
ქართველ შემსრულებელთან მუშაობის შთაბეჭდილებების შესახებ ქართული ნომრის სცენოგრაფი, შვედი ქორეოგრაფი და დამდგმელი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი საუბრობს.
„თამრიკოს შესრულება სხვებისგან დრამატულობით გამოირჩევა და ძალიან ცეცხლოვანია. წითელი ფერი კი სცენაზე ხაზს უსვამს მის სიმღერაში გახმოვანებულ მესიჯს. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ის ძლიერი პიროვნებაა და განუმეორებელი მუსიკოსი“, — აღნიშნა საშამ.
მეორე ნახევარფინალი კიევის საგამოფენო ცენტრის სცენაზე 11 მაისს, ხოლო ფინალი —13 მაისს გაიმართება. ფინალში წარსდგებიან თითოეული ნახევარფინალის გამარჯვებულები და „დიდი ხუთეულის"- კონკურსის დამფუძნებლები (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი) და მასპინძელი ქვეყანა — უკრაინა.
საქართველოში კონკურსის ნახვა 23:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში და ონლაინ, მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.
„ევროვიზიის" მასპინძლობის უფლება წელს უკრაინას ერგო მომღერალი ჯამალას სტოკჰოლმში შარშანდელი გამარჯვების წყალობით. ასე რომ, სტუმრები უკრაინაში უკვე ჩადიან და ვნებათაღელვა იმატებს. კონკურსის ფინალი კიევში 13 მაისს ჩატარდება, ნახევარფინალები — 9 და 11 მაისს.