ახალსოფლის მკვიდრმა საკუთარ სახლში იოსებ სტალინის მუზეუმი მოაწყო. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება უჩვეულო ექსპოზიცია, რომელიც "ხალხთა ბელადის" ცხოვრებასა და საქმიანობას ეძღვნება.
ახალსოფლის მკვიდრი თემურ კუნელაურისთვის, როგორც თავად ამბობს, იოსებ სტალინი კერპი სკოლის ასაკში გახდა. მას შემდეგ "ხალხთა ბელადის" ისტორიული დამსახურებების გულშემატკივარმა სტალინის ფოტოების, ნახატების, პირადი ნივთებისა და წერილების დიდი კოლექცია შეაგროვა.
"როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, მყავდა მასწავლებელი, ომის ვეტერანი ვასიკო ჯანიაშვილი. ფრონტზე ის ტყვედ ჩავარდა, მას აწამებდნენ. მე მას ყოველთვის გამორჩეულად ვუყურებდი. ის ხშირად გვიყვებოდა ომისა და სტალინის შესახებ. ხშირად საუბრობდა ამ თემაზე მოსწავლეებთან. ჩემ გატაცებას სწორედ მის მონაყოლს ვუკავშირებ. მე ჯერ კიდევ მეექვსე კლასში დავიწყე სტალინის პატარა სურათების და ყველაფრის მოგროვება, რაც მას უკავშირებოდა. ვქმნიდი ალბომებს", — განაცხადა თემურ კუნელაურმა "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
იოსებ სტალინის მუზეუმი, რომელიც საკუთარი ხელით შექმნა თემურ კუნელაურმა, მასპინძლობს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.